ს ა ბ რ ძ ო ლ ო ხ ე ლ ო ვ ნ ე ბ ა
ხევსურის ცხოვრება წარმოუდგენელი იყო ომისა და ბრძოლის გარეშე. მათი ძირითადი
სათარეშო ადგილი გახლდათ ჩრდილო კავკასია. ხევსურ მეკობრეთა თარეში იწვევდა
ქისტების და ლეკების ამხედრებას და ისინიც თავიანთ მხრივ უფრო დიდ თარეშს
აწყობდნენ ხევსურეთის სოფლებზე, იტაცებდნენ სარჩოსა და საქონელს, მიჰყავდათ
ტყვეები და მათ დასახსნელად დიდ სასყიდელს მოითხოვდნენ. ამიტომ ხევსურეთის თემები
მუდამ მზად უნდა ყოფილიყვნენ მტერთან საბრძოლველად.
თუშ-ფშავ-ხევსურეთში და საერთოდ ქართველ მთიელებში მამაკაცი უნდა ყოფილიყო
ყოველმხრივ განვითარებული: ჯანმრთელი, ძლიერი, მოძრავი, კარგად უნდა აეტანა სიცხე
და სიცივე, საბრძოლო ხელოვნების ყოფითი ცხოვრების სიმძიმე, გამოევლინა
ნებისყოფის ძალა, არ უნდა შეშინებოდა სიკვდილის და უნდა ყოფილიყო მტერთან
შეურიგებელი მეომარი, ღრმად პატივისმცემელი მეგობრობისა, ჰქონოდა საკუთარი
ღირსების შეგრძნება, სიამაყე, თავმოყვარეობა, არავისთვის მიეცა უფლება
შეელახა თემის ინტერესები, ნათესავები და ოჯახი. პატივი ეცა წმინდა ადგილებისთვის,
ხატისთვის, სცოდნოდა ძველი ადათ-წესები და იქედან ამოეღო მამაცობის, მეგობრობის,
ვაჟკაცობის მაგალითები, რათა მიებაძა გმირი წინაპრებისთვის. ყოფილიყო
სტუმართმოყვარე, შრომისმოყვარე და პურადი. შეძლებოდა ლექსების შეთხზვა და
წაკითხვა, რათა ახალგაზრდა თაობისთვის გადაეცა უფროსთა ქცევანი-„ლექსაობა“.
ვინაიდან როგორც აზროვნებს მებრძოლი, როგორც აფასებს სიტუაციას და მასზე ახდენს
მყისიერ რეაგირებას, ისე იბრძვის ფიზიკურადაც. აქედან გამომდენარე ფასდებოდა
„ლექსაობა“-ექსპრონტი. ამ მხრივ ჩვენს მთიელებს ბადალი არ მოეძებნებოდა, რის
გამოვლინებაცაა “კაფიობა“.
რაღაც მხრივ ჩვენი მთიელების ყოფა და საბრძოლო მომზადების წესი მსგავსი იყო
ცნობილი ნინძების. აქაც და იქაც უმაღლეს იდეალს წარმოადგენდა თემის ინტერესების
დაცვა (ნინძებში კლანის, რომელიც ზრდიდა და იცავდა ინდივიდს). ვინაიდან თემის
თითოეული წევრის არსებობა დამოკიდებული იყო თემის სიმყარეზე-მისი თითოეული წევრის
უნარზე მსხვერპლად გაეღო თავისი თავი თემის სახელისათვის. აქედან გამომდინარე
მთაში არსებობდა “კაი ყმის“ ინსტიტუტი, ქართველი მთიელების აღზრდის სისტემა
(დავალება, საშუალება, მეთოდები, ვარჯიშის ფორმა და მომზადებულობის ნორმატივები)
არფრით არ ჩამორჩებოდა ძველი რომაელების და ბერძნების სისტემებს, ზოგიერთ
შემთხვევაში მათზე სრულყოფილიც კი იყო.
ყოველივე ზემოთთქმულიდან გამომდინარე ქართველმა მთიელებმა საუკუნეების მანძილზე
გამოიმუშავეს (აქვე აღსანიშნავია ისიც რომ ისინი იყვნენ მესაზღვრეები და საბრძოლო
სიგნალის მიღებიდან 2 წუთში ყველა მამაკაცი მზად იყო საომრად და ეკავა თავისი
პოსტი, მათდა სასახელოდ უნდა ითქვას, საქართველოს არსებობის მანძილზე მტერი
არასოდეს შემოპარვიათ) მამაკაცის ფიზიკური აღზრდის ერთი მთლიანი სისტემა,
რომელიც XXს-ის დასაწყისამდე არსებობდა, მერე კი დაიკარგა.
მთაში სამხედრო ფიზიკური აღზრდა დაყოფილი იყო ასაკობრივ საფეხურებად. ყოველ
საფეხურს თავისი მეთოდები. პირველი ეტაპი იყო 5-6 წლიდან 14-15 წლამდე. ამ ეტაპზე
პირველი იყო ბავშვის ორგანიზმის ფიზიკურად განვითარება (სიმაღლე, წონა, კუნთების
ნორმალური განვითარება, ძვლები, სახსრები და გრძნობათა ორგანოები) ამათ
გარდა ყურადღებას აქცევდნენ ფიზიკური უნარ-ჩვევების განვითარების ხარისხს:
ნებისყოფის აღზრდას, მოთმინებას, ფიზიკურ გამძლეობას, მოხერხებულობას, სისწრაფეს,
ძალას და მოქნილობას. ყოველივე ამის ზემოთ თქმულის მისაღწევად გამოიყენებოდა
კონკრეტული ფიზიკური ვარჯიშები-სირბილი სისწრაფეზე (60-80მ და მეტ მანძილზე),
სიარული მთებში, ხტომები ადგილიდან, გამოქანებით, თხრილებზე, დიდ ქვაზე, ქვიდან ქვაზე,
ამხანაგზე დაყრდნობით-„მხარზე ხტომა“, ხიდან ჩამოხტომა, ორმოში ჩახტომა-ამოხტომა,
გამოიყენებოდა ასევე ბუნებრივ წინაღობვებზე გადახტომა (ბორცვი, ბუჩქი, მდინარეზე,
წაქცეულ ხეზე და ა.შ.) კლდეებზე, ხეებზე ცოცვა, როგორც ამხანაგის დახმარებით, ისე
მის გარეშე, სხვადასხვა ზომის და წონის ქვის სროლა როგორც მანძილზე ასევე მიზანში
ხელით, შურდულით, საბავშვო ფაფანაკით, ამ ვარჯიშებს აძლევდნენ შეჯიბრების სახეს.
ფიზიკურ აღზრდაში ასევე გამოიყენებოდა ცეკვები. ჩვეულებრივ ცეკვა სრულდებოდა
მუსიკაზე ფანდურით და გარმონით („ბუზიკა“), ამას გარდა ბავშვები ზამთარში
ციგაობდნენ „ლეკმარხილით“ და თვითნაკეთი თხილამურებით. ფარიკაობა ისწავლებოდა ხის
იარაღებით (ფარებს ან ტირიფიდან წნავდნენ ან ხის ფესვებიდან). სწავლა იწყებოდა 6-7
წლიდან და12-13 წლისათვის კარგად ფლობდნენ მას, ამავე პერიოდში ისწავლებოდა
სროლაში ვარჯიში მშვილდ-ისრით 60-80მ და ჭიდაობის ერთ ერთი სახეობა
„ბოძვალი“. საყურადღებოა ბრძოლა ბეჭდებით - კასტეტებით. ბავშვისათვის იგი
მზადდებოდა მავთულით და მას „ნესტარა“ ერქვა. მისი საშუალებით ხდებოდა დაკაწვრა
თავის ზედა არეში, ასეთი ვარჯიშები XXს-ში დაფიქსირებულ იქნა მხოლოდ პირიქით
ხევსურეთში.
უნარ-ჩვევების შემოწმება ხდებოდა თამაშებით და ცალკეული ფიზიკური ვარჯიშებით
უფროსების მიერ, ძირითადად „საფიხვნოში“, ასევე სახალხო დღესასწაულებზე, რაც
გამოიხატებოდა შედეგების საჯარო შეფასებაში (კარგი, ცუდი), არცთუ ისე იშვიათად
თვითონ ბავშვებიც ახდენდნენ შემოწმებას. აღსანიშნავია, რომ მშობლები თავიანთ შვილს
სახალხოდ არ აფასებდნენ, სახლში კი ამაყობდნენ წარმატებით და მკაცრად სჯიდნენ
წარუმატებლობის შემთხვევაში. მომზადების დონე საშუალოზე დაბალი არ უნდა
ეჩვენებინათ. ყველაფერი ერთად აღებული იყო იმის მაჩვენებელი რომ 15 წლის ყმაწვილი
მზად იყო საბრძოლო იარაღი მიეღო მშობლებისაგან. ეს ხდებოდა საზეიმო ვითარებაში,
რომლის შემდეგაც ახალგაზრდა მთიელი კაცი მზად ითვლებოდა ცხოვრებაში დამოუკიდებელი
მოქმედებისათვის.
აღზრდის მეორე ეტაპი იწყებოდა 15 წლიდან და გრძელდებოდა 25-30 წლამდე. ამ ეტაპზე
ხორციელდებოდა: ა) საერთო ფიზიკური განვითარების, ნებისყოფისა და
გამოყენებითი უნარ-ჩვევების სრულყოფა ბ)საბრძოლო მოქმედებებში
მონაწილეობა-ლაშქრობა და სისხლის აღება გ) ნადირობა.
ფიზიკურ აღზრდაში შედიოდა სწრაფი სირბილი 100-120მ. სირბილი გამძლეობაზე სოფლიდან
სოფლამდე, ან ნებისმიერ დათქმულ მანძილზე. (ხშირად ხდებოდა ეს სატირალში).იყო
სირბილის განსაკუთრებული სახეობაც უკიდურეს გამძლეობაზე, რომელშიც ყველაზე
გამორჩეული 2-3 კაცი მონაწილეობდა და დარბოდნენ მანამ, სანამ
არაქათგამოცლილები სირბილს არ შეწყვეტდნენ. მრავალნაირი იყო ხტომებიც,
იმეორებდნენ წინა ასაკობრივ ხტომებს, თუმცა მანძილი იზრდებოდა, მაგალითად
ახტებოდნენ გამართულ ადამიანს, თივის ზვინებს. ეს შეჯიბრი ტარდებოდა დასვენების
დღეებში, ან „მუშაინის“ დროს, როცა დახმარება სჭირდებოდა ხევსურს სამუშაოზე. ამ
დროს ის ამზადებდა არაყს, კლავდა ცხვარს და მასთან პურის აღებში მიდიოდნენ
ნათესავები 20-30 კაცი და მუშაობის შემდეგ ქეიფობდნენ. სიღრმეში ხტომა და ცოცვა
იგივე იყო რაც წინა ასაკში, ოღონდ მანძილის ზომა იზრდებოდა. ამ ასაკში უფრო დიდ
ქვებს ისროდნენ (2-8კგ). ისროდნენ როგორც დიდ მანძილზე, ასევე მიზანში.
თამაშობები იმართებოდა ძირითადად სახალხო დღესასწაულზე ახალ წელს-„ათენგენობას“,
რომელიც საკულტო რელიგიური ხასიათის იყო. ამ დროს გამოიყენებოდა სხვადასხვა სახის
იარაღი. ხდებოდა სხვადასხვა ფორმით სიფხიზლის გამოვლინება, მაგ. ძველი წელის,
“ბებერის“ სიმბოლური მოპარვა, სარიტუალო მოპარვა მსხვერპლად შეწირული ხორცისა
(ახალ წელს), იმართებოდა „ყაბაყი“,„დარბევა“ და სხვა.
„დარბევა“-საღამოს სალოცავში სამორიგეოდ დარჩენილი დასტურები და ხუცები ჩუმად ორ
ან სამ კაცს გააგზავნიდნენ ვინმეს სახლში, დასტურები შეიპარებოდნენ სახლში და
გამოჰქონდათ ყველაფერი რაც იჭმებოდა (ხორცი, არაყი, ქადა). მეორე დღეს ამ
პროდუქტებით დარბაზში გაშლიდნენ სუფრას, რომელზეც დაზარალებულსაც პატიჟებდნენ,
დაზარალებულს თან აჯარიმებდნენ ლუდით ან არაყით, ხოლო თუკი ოჯახის უფროსი ფხიზლად
იყო და ის შეძლებდა „ქურდების“ დაჭერას, ჯერ ამ ხელმოცარულ „ქურდებს“ დაათრობდა
არაყით, მერე ბოძზე მიაბამდა და ამის შესახებ ხუცებს შეატყობინებდა: „გამოსასყიდი
მოიტანეთ და წაიყვანეთ თქვენი ტყვეები.“ დილით ხუცები 2 თავის დასტურს არაყით და
ლუდით გაუშვებდნენ და „ტყვეებს“ გამოიხსნიდნენ, თან დასცინოდნენ მათ, სანამ
სახლამდე მიაცილებდნენ. ( ვ. ელაშვილი „ხევსურული ფარიკაობა“ )
საბრძოლო ცეკვები ორი ნაირსახეობის იყო: ერთი
„ხანჯლით თამაშობა“, სრულდებოდა იარაღით (ორი ხანჯლით), მეორე უიარაღოთ,
ორივე მუსიკის თანხლებით (ფანდური და ბუზიკა). ხმალაობა იყო ორი სახის: უსისხლო
ფარიკაობა (ნათესავებში) და მცირედი სისხლით-ჭრა ჭრილობა (კეჭნაობა), რომელიც შუღლის
დროს (სხვა თემის წარმომადგენელთან ჩხუბის დროს) გამოიყენებოდა. სროლა სხვადასხვა
შემთხვევაში ხდებოდა რელიგიურ რიტუალურ თამაშებზე. ისროდნენ 60-100 მ.-ზე მიზანში
თოფით და მშვილდით. ხელჩართულ ბრძოლაში იყენებდნენ საბრძოლო ბეჭდებს: „ხერხულა“,
„საცერული“, „მაღალი“, „ხაჯია“, „ლესულა“, „ხვეულა“, „გორიანი“, „წისქვილა“ და
სხვა.
ამ ასაკში ხევსურები თოფით და ხაფანგით ნადირობდნენ
მგლებზე და დათვებზე საქონლის და ნათესების დასაცავად, ასევე სხვა ნადირზე სარჩოს
მოსაპოვებლად უფროსებთან ერთად. ცხენოსნობა ორი სახით გამოიყენებოდა: ა) დოღი
ჭირის დღეში, სადაც ხანდახან 25 ცხენოსანი იკრიბებოდა, ბ) „ცხენი“-რომელიც
გამოიყენებოდა სახალხო დღესასწაულზე ათენგენობას და წელიწადში ერთხელ
ტარდებოდა მხედრის მზადყოფნის შესამოწმებლად (ცხენით რბოლება).
ამ ასაკიდან ახალგაზრდა ხევსური მონაწილეობას
იღებდა ბრძოლაში -ლაშქრობაში, და სისხლის აღებაში. სამხედრო ფიზიკური მზადყოფნის
ნორმატივს წარმოადგენდა: კეჭნაობის დროს შეტაკების შედეგი (უნარი მოწინააღმდეგეზე
მსუბუქი ჭრილობის მიყენებისა). ნადირობის დროს- ნანადირევის რაოდენობა, საბრძოლო
შეტაკებაში - მამაცობის, მოხერხებულობის, იაარაღის ფლობის გამოვლენა. ყურადღება
ექცეოდა ასევე საერთო სახალხო დღესასწაულზე სმას, თუ ვინ რამდენს დალევდა და მერე
როგორ შეძლებდა უეცრად მტერი რომ შემოსეოდათ ბრძოლაში ჩაბმას და თემის წევრების
დაცვას.
სამხედრო ფიზიკური მომზადების მესამე ეტაპი
იყო 30-50წ. ამ ეტაპზე ვარჯიშის დანიშნულებას შეადგენდა მიღწეული
შედეგის შენარჩუნება, ბრძოლებში მონაწილეობა-გარეშე მტრებთან და მოსისხლეებთან.
ახალგაზრდობისათვის საბრძოლო გამოყენებითი უნარების და ნადირობის სწავლება.
მომზადების საშუალებები იგივეა, რაც წინა ასაკობრივი ჯგუფისათვის. მაგ.
სათხილამურო მომზადებისას საბავშვო თხილამური აღარ გამოიყენებოდა. საჭირო
შემთხვევაში დაწნულ წრიაპებს იყენებდნენ. ფარიკაობა მხოლოდ ჭრა-ჭრილობით
ხორციელდებოდა. ამ ასაკში მთიელისათვის ყველაზე საპატიო მისია იყო აღზრდა, გამოცდილების
და ცოდნის ახალგაზრდებზე გადაცემა და მათთვის სწავლება სხვადასხვა სამხედრო
ფიზიკური უნარ-ჩვევებისა. აღზრდის ძირითადი მეთოდი იყო შეუწყვეტელი ვარჯიში, რათა
საბრძოლო ფორმა არ დაეკარგათ და შენარჩუნებულიყო შეძენილი ჩვევები.
შემოწმება იგივე იყო: საფიხვნოში, ნადირობაში, ბრძოლაში და სმაში.
50 წლიდან ხევსურის ძირითადი მოვალეობა იყო
ახალგაზრდობის ფიზიკური აღზრდა, მათთვის ნადირობისა და თავდაცვის სწავლება. ამ
ასაკში იარაღად იყენებდნენ კომბინირებულ იარაღს-ხმალჯოხი, შუბი და წელის
დანა-ურსა. ასევე საიდუმლო იარაღს უბის ფარს და სახელოში ჩამალულ დაშნას. ამ
ასაკში მონაწილეობდნენ რიტუალურ რელიგიურ თამაშებში და საბრძოლო ცეკვებში,
ნადირობდნენ ტყეებში და ასწავლიდნენ ახალგაზრდებს. ნორმატივს წარმოადგენდა
სწავლებაში საზოგადოების აღიარება როგორც ავტორიტეტისა, ნადირობაში ნანადირევის
სიმრავლე და რომელ იარაღსაც ატარებდა იმ იარაღის ეფექტური სწავლება.
ხევსურეთში ბავშვების მომზადების ერთიანი მეთოდი არ
ჰქონდათ, ერთ შემთხვევაში ბავშვები დამოუკიდებლად უფროსებისადმი მიბაძვით
ვარჯიშობდნენ, სხვა შემთხვევაში თავიდაპირველად სწავლება რომელიმე უფროს
ნათესავთან ხდებოდა, რომელსაც ბავშვები თხოვნით მიმართავდნენ ეჩვენებინა მათთვის
ესა თუ ის ილეთი. ხშირად სწავლების ორივე ფორმა შერწყმული იყო. სწავლების ძირითადი
ფორმა კოლექტიური იყო საფიხვნოში და იქ ყველას თანდასწრებით მიმდინარეობდა. ასევე
სავარჯიშო ადგილად გამოიყენებოდა სახლის ბანი. ამათ გარდა ბავშვები დროს უქმად არ
აცდენდნენ. თავისუფალ დროს ყველგან ვარჯიშობდნენ: ნახირში, სოფლის მოედანზე და
ა.შ. ასევე მთიელთა აღზრდისთვის დამახასიატებელი ფორმაა როგორც სადღესასწაულო, ისე
ჭირის დღეებში სხვადასხვა რელიგიურ და ხალხურ დღესასწაულთა რიტუალებში ბავშვთა და
მოზარდთა შეჯიბრის ფორმით სწავლება. საფიხვნოში კი 15-25 წლის ბიჭები ერთმანეთს
ასწავლიდნენ ფარიკაობას. გადასცემდნენ გამოცდილებას. გამუდმებით ეუბნებოდნენ:
„გვიყურეთ ჩვენ თუ როგორ ვსაუბრობთ, რას ვაკეთებთ, ისწავლეთ ჩვენი წესებით,
მიეჩვიეთ ფარიკაობას რათა სძლიოთ მტერს და შეტაკების დროს მტერმა არ დაგჩაგროთ...“
და სხვა. საფიხვნოში უფროსების შემდეგ ახალგაზრდების ჯერი დგებოდა. ბავშვებს
შერკინების დროს შემდეგი შეძახილებით ამხნევებდნენ: „ხმალი არ გაგივარდეს
ხელიდან“, „ხელები არ განაცალკაო ერთმანეთისგან“, „თუ გეტკინა არ იტირო“, „არ
გაექცე მოწინააღმდეგეს, თორემ მეორედ აქ აღარ მოგიშვვებთ“, „ერთ ადგილზე ნუ
დგახართ“, „მეტი ცოცხლად იმოძრავე“ და ა. შ, ხშირად შეაჩერებდნენ ვარჯიშს და
თვითონ აჩვენებდნენ იმ მომენტში რომელი ხერხის გამოყენება აჯობებდა. ტექნიკის
სწავლას თან სდევდა ტაქტიკის სწავლება, თავის დროზე ილეთის შერჩევა, რომელ
მომენტში რა ილეთი ჯობია. დისტანციის შერჩევა, იარაღის შეგრძნების გამომუშავება.
უნარი ფსიქოლოგიურად გაეფუჭებინა მოწინააღმდეგე, მოეხდინა მისი პარალიზება ყვირილით,
დაღალატებით-სხეულის და იარაღის ცრუ მოძრაობებით და სხვა. გზადაგზა ბავშვებს
უხსნიდნენ სწორი ბრძოლის წარმოების წესებს, ძირშივე აღმოფხვრიდნენ „კაი ყმისათვის“
შეუფერებელ საქციელს ან საბრძოლო ეთიკის დარღვევას. (უკან დახევა, აკრძალულ
ადგილებში დარტყმა და სხვა.)ხევსურეთში ხასიათის აღზრდა გადაწნული იყო შესაბამის
ფიზიკურ და საბრძოლო მომზადებასთან. თავმოყვარეობის შელახვის, სიმაღლის, სუსტის,
გვარის და ოჯახის ინტერესების დაცვა იარაღით ხორციელდებოდა. ამას გარდა
ხელჩართული ბრძოლის გავრცელებას გარეშე მტერთან, ხელს უწყობდა თავისებური მთის
ბუნებაც. მთის ვიწრო ბილიკები, ტყის მასივები ხელსაყრელი იყო მტრის მოულოდნელად
გამოჩენისათვის: მოსახვევში, კლდიდან, ხეებიდან, როცა სასროლი იარაღი (თოფი,
მშვილდი) მოუხერხებელი იყო. ამიტომ ხმლით და ფარით ფარიკაობა ხევსურის მთავარი
საქმიანობა იყო. მათ ბავშვობიდანვე უნერგავდნენ იმის აზრს და განცდას, რომ უმაღლეს
დონეზე ესწავლა ფარ-ხმალის ხმარება. მაშინ მისთვის მტერთან შეხვედრა სახიფათო აღარ
იქნებოდა. აქედან იყო ბავშვებშიც იარაღისადმი დამოკიდებულება. ისინი ხარბად
უცქერდნენ უფროსების კენწლაობას და ისრუტავდნენ მათგან ყველაფერს. ბავშვებს ხის
იარაღს როგორც წესი უფროსი უმზადებდა (ბაბუა, მამა, ბიძა, უფროსი ძმები). ბოლო
დროს კი თვითონ ამზადებდნენ. ხევსურებს ქონდათ შემდეგი სახის ხმალაობის
ვარიანტები: ა)ფარიკაობა, ბ)კეჭნაობა, ჭრა-ჭრილობა (ჭრობა) და
გ)თავ-მოთავეობა.
ფარიკაობა - იყო ძირითადად
სასწავლო. მეგობრული უსისხლო ბრძოლა ძირითადად სანათესაო წრეში. მას
ქონდა სავარჯიშო საშეჯიბრო მაყურებლებისათვის თავშესაქცევი ხასიათი. ძირითადად
ტარდებოდა საღამოს მუშაობის შემდეგ არასამუშაო დღეებში და რელიგიურ დღესასწაულებზე.
ფარიკაობისას დარტყმები ხორციელდება არა ფხით (მჭრელი პირი), არამედ ბრტყლიურად,
ან ქარქაშით. დაზიანების ზონები: თავი, მხრები, ხელი მთილანად იდაყვის გამოკლებით,
ხანდახან თეძოც. გამოცდილი მეომრები ფხით იბრძოდნენ, ოღონდ დარტყმის მომენტში
ახდენდნენ 1800-ით მაჯის ტრიალს, რის შედეგადაც იარაღი ბრტყლიურად
ხვდებოდა მიზანს.
ჭრა-ჭრილობის დროს ხდებოდა მსუბუქად დაჭრა. უხეში,
სიცოცხლისათვის საშიში ჭრილობები არ უნდა მიეყენებინათ. კეჭნაობა გამოიყენებოდა
ქორწილებში, რელიგიურ დღესასწაულებზე, ნიშნობებზე, გზაში და ა.შ. არა ნათესავებს
შორის. ძირითადად ხდებოდა სხვადასხვა სოფლის მამაკაცებს შორის წაკინკლავებისას,
რათა მიყენებული წყენა სისხლით მოებანათ. ხევსურეთში ჩხუბებს შუღლი ერქვა და
მთავრდებოდა კეჭნაობით. შუღლი შეიძლება დაწყებულიყო ძველი წყენის გამო, შემთხვევით
წაკამათებისას, ან არაფხიზელ მდგომარეობაში, სურვილით რათა დაეკმაყოფილებინა
შელახული თავმოყვარეობა, ან ეჩვენებინა თავისი ფიზიკური უპირატესობა და იარაღის
ფლობის უკეთესი უნარი. მანდილოსნების თვალში მოეხდინა თავისი მამაცობის გამოვლენა,
რათა აემაღლებინა ავტორიტეტი.
მიუხედავად
ამისა, ადამიანის მოკვლა ხევსურეთში დიდ დანაშაულად ითვლებოდა, მკვლელზე ძმებს და
ბიძაშვილებს შური უნდა ეძიათ და სისხლი აეღოთ. ეს ადათი ხევსურებს ძვალ-რბილში
ჰქონდათ გამჯდარი. ხევსურული რჯულით სისხლის აუღებლობა თემში უდიდესი სირცხვილი
იყო და მოკლულის სულიც მათი წარმოდგენით საიქიოში იტანჯებოდა. ამიტომ ხევსური
თავისი ძმათაშვილის სისხლს არავის შეარჩენდა, სანამ მოსისხლეთა გვარი არ
ამოწყდებოდა.
მკვლელობის გამომწვევი მიზეზები აქ
მრავალი იყო: მშობლის შეგინება და შეურაცხყოფა, სიმთვრალე ხატში და ქორწილში,
მამულზე დავა და სხვა. მკვლელობა ზოგჯერ სრულიად უმნიშვნელო საქმეზეც მომხდარა.
ხევსურული რჯულით სისხლი მოეთხოვებოდა
მკვლელსა და მის ოჯახს. მტრობდნენ აგრეთვე მკვლელის დედის ძმებს და ბიძებს,
რომლებსაც შურის მაძიებელი ვერ მოკლავდა, მაგრამ დაჭრიდა.
მოკლულის დასაფლავების დღეს მეხელე
შუაკაცების ხელით ჭირისუფალს უგზავნიდა მიწად შასვლის საკლავს. ამ საკლავს
მიცვალებულის ოჯახში მიიყვანდნენ, იქ დაჰკლავდნენ და შენდობას ეტყოდნენ.
გაივლიდა ერთი წელი და დაიწყებოდა
შუაკაცების სიარული და მესისხლეთა გარიგებაზე მოლაპარაკება. გარიგება მკვდრის
პატრონზე იყო დამოკიდებული და ხევსურეთში ეს სამი წლის მერე ხდებოდა, მაგრამ
ზოგჯერ ხუთი-ოცი წლის შემდეგაც ვერ რიგდებოდნენ, იყო შემთხვევა, რომ მეორე და
მესამე თაობამდე შუღლი გრძელდებოდა და არ რიგდებოდნენ და სანამ ეს შერიგება არ
მოხდებოდა მკვლელს ეკრძალებოდა სიმღერა, დაკვრა, ხატში და ქორწილ-ტირილში წასვლა.
თუ
მკვლელს ყველა საწესოები გადახდილი ჰქონდა და თავ-სისხლის გათავებამდე
მეშუღლე მას მაინც მოკლავდა, მაშინ უკანასკნელს საუკენმამკვდარო გადახდებოდა.
ამაზე სისხლის საქმის ბჭეებს დასვამდნენ, სისხლი სისხლში გაიბრებოდა, ხოლო მკვლელს
ართმევდნენ მიღებულ ყველა საწესოებს და კიდევ ზედმეტად საუკენმამკვდაროს ხუთ
ძროხას, რადგანაც მკვლელობა მოხდა გონებით (განზრახვით) და არა უგონოთ.
ხევსურეთში სისხლზე სისხლის აღება უფრო სასახელო იყო, ვიდრე მისი საფასურის
აღება, ამიტომ მეშუღლე შერიგებას აჭიანურებდა და ცდილობდა მოკლულის სასახელოდ
სისხლი აეღო. მითუმეტეს, ხევსურის წარმოდგენით მოკლულის სული საიქიოში იტანჯებოდა.
მისი ტანჯული სული ოჯახს ვნებდა. თუ სისხლზე სისხლია აღებული, მოკლულის სული მაშინ
კმაყოფილიაო, ამიტომ მეშუღლე ხევსური ცდილობდა თავისი მტრისთვის მოეკლა
სახელოვანი. ბეჩავზე და სნეულზე შურისძიება აქ სირცხვილია. ქალებზე და სამოც წელს
გადაცილებულ მამაკაცზე შურისძიება და მოკვლაც სირცხვილად ითვლებოდა. არც
"უნიფხვო" ე.ი 12 წლის ქვემოთ ასაკის ვაჟზე არ შეიძლებოდა სისხლის
აღება.
ხევსურეთში შურისძიების უფრო მსუბუქი ფორმაც არსებობდა, რომელსაც
კეჭნაობას უწოდებდნენ. კეჭნაობა ხევსურეთში ჩვეულებრივი მოვლენა იყო. მძიმე
დაკეჭნა სირცხვილი იყო. კეჭნაობა ან შუღიობა ხდებოდა მიცვალებულის რიგებში,
ქორწილში, ხატობაში და სხვა. მიზეზი ამისა მრავალი იყო, პირადი შეურაცხყოფა, შური,
სიმთვრალე და სხვა.
კეჭნაობა ხევსურთა წესით არ უნდა დასრულებულიყო
სიკვდილით ან მძიმე ჭრილობით რათა მომავალში არ ამოქმედებულიყო სისხლის აღების
წესი მოჩხუბარ გვარებს შორის. კეჭნაობისას ძირითადი შეტევა ხორციელდებოდა
თავში, რომელიც დაცულია ქალის ძვლებით და არ იყო სასიკვდილო-„შუბლზე სამ ნაოჭს
ზემოთ“ ქოჩრამდე. მკერდში (მიუხედავად იმისა რომ მკერდი დაბალი დგომით და
ფარით სრულად იყო დაცული, აქ მორტყმა ტექნიკურადაც რთული იყო) მკერდში, მუცელში,
მუხლს ქვემოთ სახსრებში მჭრელი პირით არ ურტყამდნენ. სახეზე შეიძლებოდა შეტევა
შუბლზე სამი ნაოჭის ქვემოთ, თუმცა სახეზე მიყენებული ჭრილობა ნაზღაურდებოდა
„რჯულის წესის“ მიხედვით, რომლის მოგვარებას ახდენდნენ შუაკაცები. ისინი იყვნენ
ხანში შესულნი, ავტორიტეტიანი და პატივცემული პიროვნებები. ჯარიმის ოდენობა
განისაზღვრებოდა ჭრილობის ხასიათით, რომელსაც ადგენდა სოფლის ადგილობრივი ექიმი -
„აქიმი“. პირველ რიგში ყურადღება ექცეოდა თუ სად იყო ჭრილობა მიყენებული და რა
ზიანი გამოიწვია მან, შემდეგ კი მის ხასიათს - ზომებს (სიღრმე, სიგანე და სიგრძე).
ყველაზე სახიფათო იყო მკერდში მიყენებული ჭრილობა კისრიდან წელამდე (საგულო).
შემდეგ საზარდულის არეში (საუპატიურო). სახეზე მიყენებული ჭრილობა ძვირად
გადასახდელი იყო, რომლის ანაზღაურება ძროხით უნდა მომხდარიყო. შუამავლები ორივე
მხრიდან როცა ჭრილობა შეხორცდებოდა გაზომავდნენ მას თოკით ან ბალახით. ზომას
ზუსტად გადაიტანდნენ ბრტყელ ქვაზე, ან დაფაზე და შემდეგ მასზე ალაგებდნენ ხორბლის
მარცვლებს. ორივე მხრიდან განაპირა მარცვლებს ყრიდნენ და რამდენიც დარჩებოდა
იმდენი ძროხა უნდა გადაგეხადა. თუკი პირველი ჭრილობა სახეზე იყო მიყენებული ის
უფრო მკაცრად ისჯებოდა, ანუ განაპირა მარცვლები აღარ იყრებოდა.
Комментариев нет:
Отправить комментарий