თუ ხევსურეთის ისტორიას გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ძველ ქართულ წყაროებში ხევსურეთი და ფშავი ერთად იხსენიება „ფხოვის“ სახელით. თვით ხევსურები და ფშავლები კი - “ფხოველებად”. ეს სახელწოდება დღეს მხოლოდ ერთ სოფელს, შუაფხოს (ფშავი) შერჩენია. ხოლო აქ ნაპოვნი არქეოლოგიური ნივთები (ბრინჯაოს ნივთები) მიუთითებენ, რომ აქ ჯერ კიდევ პრეისტორიულ ხანაში უცხოვრია ადამიანს.
ისტორიულად, როდესაც ქართველთა ეთნარქები შეთანხმდნენ ტერიტორიების განაწილებაზე, ხევსურეთის ტერიტორია, უფრო სწორედ კი არაგვის ხევსურეთი წილად ხვდა ჯერ ქართლოსს, ხოლო შემდეგ კი მის ერთ-ერთ ძეს - კახოსს.
ვახუშტი
ბატონიშვილი ძველ ხევსურეთს (არაგვის ხევსურეთს) ასე აღგვიღწერს:
„... და ამათ შორისი ქვეყანა არს კახეთი, წილი კახოსისა და მისის სახელის გამო ეწოდა ამას სახელი ესე, არამედ აწ უწოდებენ ფშავ-ხევსურსა, თიანეთს, ერწოს, ირტოს ხევს, პანკისის ხეობას, საყდრიონს და ალონს.“
ხალხური გადმოცემით ხევსურების არაგვის ხევსურეთში დასახლების რამდენიმე ლეგენდა არსებობს:
ერთი ვერსიით, ხევსურები, ორი ძმის - არაბულებისა და ჭინჭარაულების შთამომავლები არიან, რომელთა წინაპარი ფშავიდან წარმოსდგება. თქმულების ერთი ვარიანტით ის გადმოსულა შუაფხოდან, მეორე ვარიანტით აფშოდან. ის მონადირე ყოფილა რომელიც არაგვის ხეობაში სანადიროდ წამოსულა. აქ გუდანის მახლობლად გარეული თხა მოუკლავს და ნანადირევი შინ მიუტანია. მამას გაკვირვებია თხის სიმსუქნე და შვილისათვის გამოუკითხავს ნადირობის ადგილი. მამას უთქვამს: ის ადგილი, სადაც ასეთი მსუქანი ნადირია, ნოყიერი და მოსავლიანი იქნებაო: ამიტომ წადი, ამ თხის ბუშტი ხორბლით გაავსე და სადაც ნადირი მოგიკლავს, იქ დათესეო. მონადირეც ასე მოქცეულა და გუდანის მახლობლად ეს ხორბალი დაუთესია. ამოსულა მშვენიერი ჯეჯილი; შემოდგომაზე მონადირეს მოუმკია ერთი გუდა ჭირნახული და წაუღია. ამის შემდეგ მამა-შვილნი დარწმუნებულან ადგილის ნაყოფიერებაში, შუაფხოდან აქ გადმოსახლებულან და ადგილსაც გუდანი დარქმევიაო. ამაზეა ნათქვამი:
„ერთმა ვერძისა ქისამა
გუდა შექმნა და გუდანა“.
ამრიგად თქმულებებისა და ისტორიულ-გეოგრაფიული
შესწავლის მიხედვით ირკვევა, რომ ხევსურეთში მოსახლეობა ფშავის ხევიდან გადმოსულა და
პირველად გუდანში დასახლებულა, გამრავლებულა და შემდეგ შატილშიც გადასულა.
მეორე ვერსიით, ხევსურეთში სამმა ძმამ, არაბამ,
ჭინჭარამ და გოგოჭურმა განდევნეს კავკასიური ტომი და თვითონ დასახლდნენ, რითაც სათავე
ჩაუდეს სამი დიდი გვარის წარმოშობას. ესენი არიან: არაბულები, ჭინჭარაულები და გოგოჭურები.
ყველაზე ადრეული ცნობა ხევსურებზე, ფშაველებზე და ზოგადად ფხოველებზე, მოყვანილია თეიმურაზ ბატონიშვილის „ივერიის ცხოვრებაში“ და ის ჩვ. წ. I საუკუნეში კავკასიაში პომპეუსის შემოსვლას უკავშირდება.
„მოქცევაჲ ქართლისაჲ“ გვამცნობს, რომ ფხოვი მეოთხე საუკუნეში დასახლებული ყოფილა და წარმართ ფხოველებს ე. ი. ხევსურებსა და ფშაველებს ქრისტიანობა არ მიუღიათ. როგორც ჩანს, ფხოველები მეტად დაუმორჩილებელი და მებრძოლი ხალხი ყოფილა. მაგალითად, თამარ მეფის მეფობის უკანასკნელ წლებში ფხოველნი და დიდოელნი აჯანყებულან და მათ წინააღმდეგ თამარს ლაშქარი გაუგზავნია ივანე მხარგრძელის სარდლობით. ეს უკანასკნელი სასტიკად გასწორებია ფხოველებს და აჯანყებაც ჩაუხშია.
როგორც ვახუშტი ბატონიშვილი გადმოგვცემს „ქართლის
ცხოვრებაში“, წინათ ქისტეთ-ჩეჩნები და ლეკები საქართველოსთან მეგობრულ კავშირში იყვნენ
და ადმინისტრაციულად თუშ-ფშავ-ხევსურეთთან ერთად შედიოდნენ ხუნძახისა და პანკის-კვეტარის
სამოურავოში. ვახუშტი ბაგრატიონი-ხევსურებს
ასე ახასიათებს: ''ფიზიკურად ხევსური ჯანსაღია
და მაგარი, ამასთანავე ის ამტანია და გამრჯე. ხევსური საშუალო ტანისაა, მხარბეჭიანი
და კუნთებმაგარი. სახით ის გარუჯულია და პირმრგვალი. ცხვირი ხევსურს სწორი მოყვანილობისა
აქვს, თვალები დიდი და ლურჯი, ქცევაში დინჯია, მოქმედებაში კი მარდი. გულადობა და გამბედაობა არ აკლია. .უცხოსთან ხევსური ამაყია, მას ხევსურობით
თავი მოაქვს, უცხოური არ მოსწონს და მას არც ბაძავს. ამასთანავე ხევსური ფრთხილია და
იჭვიანი, ის ადამიანს ძნელად თუ დაენდობა, მაგრამ დანდობილს ხევსური სამარემდის ჩაჰყვება
და არ უღალატებს. ხევსურის ქალი ტანით ჯმუხია და ქცევით დინჯი, მას ქალური სინაზე აკლია
და მამაკაცური იერი გადაჰკრავს. ხევსურ ქალსაც
ახასიათებს სიმარდე და გულადობა, მაგრამ შრომისა და მძიმე სოციალური პირობების გამო ხევსურ ქალს სევდიანი და მოღუშული გამომეტყველება
აქვს. მრუშობა და გარყვნილება ხევსურს ეჯავრება და მას აქ ადგილი არა აქვს''. ხევსურები
გამოირჩევიან აღმოსავლურ-ქართული ტიპის სახით, მთიან რეგიონში და უგზო პირობებში ცხოვრების
გამო, ხევსურთა უდიდესი ნაწილი გამხდარია, ხევსურების უმეტესობას თვალები ღია ფერის აქვს, თმის ფერი კი ქერადან მუქ
წაბლისფრამდე მერყეობს. ხევსურულ სახესა და ნაკვთებს უფრო თხელი და წყობილი ეთქმის.
ამ დროიდან XV საუკუნემდე საისტორიო მწერლობაში
ფხოვის შესახებ ცნობები არ მოგვეპოვება. არ იხსენიება თვით სახელი ფხოვიც, რომლის ნაცვლად
უკვე ფშავ-ხევსურეთია მიღებული. XV საუკუნეში ფეოდალური მონარქიის დაცემისა და დაშლის
ხანაში ფშავ-ხევსურეთი და თუშეთი ისევ გადამდგარან და კახეთის მეფე გიორგი I აღარ ემორჩილებოდნენ.
ამ გარემოებისათვის ყურადღება მიუქცევია კახთ მეფეს ლევან (1520-1574), რომელსაც განუზახავს
ხევსურეთისა და ფშავ-თუშეთის შემორიგება და აღუთქუამს მათთვის საძოვრების დათმობა და
მშვიდობით შემოუმტკიცებია.
რასაკვირველია, კახეთის სამეფოსათვის დიდი მნიშვნელობა
ჰქონდა ხევსურეთის შემომტკიცებას. ეს პროვინცია მას ჩრდილოეთიდან საზღვარს დარაჯობდა,
საიდანაც კახეთს მუდამ ჩრდილოეთის ტომები ემუქრებოდნენ. ამასთანავე, ხევსურეთი იხდიდა
ბეგარასა და სალაშქროდაც გადიოდა, მაგრამ მეფეებთან ბატონ-ყმურ დამოკიდებულებაში არ
ყოფილა. საზოგადოდ, მთა სახასო იყო, ის მხოლოდ მეფეს ემორჩილებოდა და იქ კერძო მებატონეს
ხელი არ ჰქონდა. მთის გამგებლობა ქსნისა და არაგვის ერისთავებს ჰქონდათ ჩაბარებული.
გიორგი ბრწყინვალის ”ძეგლისდების” მიხედვით ერისთავებს ექვემდებარებოდნენ: გამგებელი
ანუ მოურავი, ხევისთავი, ხევისბერი და ციხისთავი. ხევსურეთი კახეთის სამოურაოში შედიოდა.
მაგრამ ფაქტობრივად მას ხევისბერები განაგებდნენ თემური ადათების მიხედვით. და თუ ამ
თემურ თავისუფლებას მეფის ხელისუფლებისაგან რაიმე საფრთხე მოელოდა, ის მზად იყო განდგომისა
ამბოხებისათვის.
ხევსურეთის თემების თავშესაფარი და მთავარი ადგილი
იყო გუდანი, სადაც გუდანის ჯვარი და დროშა ესვენა. აქ იხდიდნენ ხევსურები სამხვთოს,
აქვე იყო გუდანის-ჯვარის ქადაგი, რომელიც ხალხს ამცნობდა გუდანის-ჯვრის ბრძანებას ლაშქრობისა
თუ ზავის შესახებ. გუდანის-ჯარი ლაშქრის სარდალი იყო და მისი ბორაყი ლაშქარს მუდამ
წინ მიუძღოდა.
მაგრამ თემური ხევსურეთის ამ თავისუფლებას ფეოდალებისაგან
მუდამ საფრთხე მოელოდა, განსაკუთრებით, მეფის ხელისუფლების შესუსტების დროს. და მაშინ
გაძლიერებული არაგვის ერისთავები ცდილობდნენ სხვა მთიელებთან ერთად ხევსურეთის დაპყრობასაც.
ამ მხრივ ცნობილია ზურაბ არაგვის ერისთავის ხევსურეთში გალაშქრება,რომელიც დღემდე შემორჩენილია
ხალხურ ლექსებში, თუმცა ზურაბმა საწადელს ვერ მიაღწია.
XVII საუკუნეში ხევსურებმა მონაწილეობა მიღეს ბახტრიონის
აღებაში. 1658 წელს კახეთის მმართველმა სელიმ-ხანმა ბახტრიონსა და ალავერდში თათრები
დაასახლა. ამასთანავე ის ხელს უწყობდა ლეკების თარეშს და ამით გათამამებული ლეკებიც
თუშების ცხვარ-საქონელს იტაცებდნენ. თუშებმა დახმარება სთხოვეს ფშავ-ხევსურეთს ამ მოწოდებას
ხევსურეთი გამოეხმაურა რადგან თათრებისა და ლეკების გაძლიერება საფრთხეს უმზადებდა
თვით ხევსურეთსაც, რომელსაც მუდმივი ბრძოლა ჰქონდა ჩრდილოეთის ამ მოსაზღვრე ტომებთან.
მართლაც კახელებღან ერთად აჯანყებაში მონაწილობა მიუღია თუშ ზეზვა გაფრინდაულს, ხევსურ
ნადირა ხოშარაულს, ფშაველ გოგოლაურს.
საუკუნეების განმავლობაში ხევსურეთი პოლიტიკური
და ადმინისტრაციული სტატუსით სამეფო ხელისუფლებას ექვემდებარებოდა. სამეფო ხელისუფლების
დასუსტების პერიოდში არაგვის ერისთავები, რომელთაც მთიანეთის საერთო გამგებლობა ევალებოდათ,
ცდილობდნენ ხევსურეთზე საბოლოო გაბატონებას. გვიანდელ ფეოდალურ ხანაში ხევსურეთის მნიშვნელობა
გაიზარდა, იგი ბარს იცავდა მომხვდური მოთარეშე რაზმების დარბევისაგან. ხევსურები ქმედითად
მონაწილეობდნენ ასპინძის ბრძოლაში (1770), კრწანისის ბრძოლაში (1795). მთიულეთის აჯანყებისა
(1804) და 1812 წლის კახეთის აჯანყების დროს აქტიურად იბრძოდნენ ცარიზმის კოლონიური
პოლიტიკის წინააღმდეგ, თუმცა რუსთა მრავალრიცხოვნებამ თავისი გაიტანა და შატილი და
სხვა სოფლები მიწასთან გაასწორა.
შატილელებს მონაწილეობა მიუღიათ აგრეთვე შამილთან ბრძოლაში. 1843 წელს შატილს გადმოსულა თავისი ლაშქრის შამილის თანამებრძოლი ცნობილი ახვერდი-მაჰმადი (ხევსურულად აჰმედ-მაჰმედი) და შატილისათვის მორჩილება მოუთხოვია. შატილელებს ამაზე უარი უთქვამთ და თავიანთ ქვიტკირებში გამაგრებულან. ლეკებთან ბრძოლა სამი დღე-ღამე გაგრძელებულა. ბოლოს ხევსურებს ქვიტკირის სარკმლიდან ნიშანში ამოუღიათ თვით ახვედი-მაჰმადი და მოუკლავთ.
ამის
შემდგეგ დამარცხებული ლეკის ჯარი უკან დაბრუნებულა. ამ გამარჯვებისათვის შატილელებს
საჩუქრად მეფისაგან მიუღიათ ჯვარ-მედლები, რამდენიმე ფუთი პური და თოფის წამალი. გამარჯვების
აღსანიშნავად მთავრობის განკარგულებით აქვე აუგიათ პატარა ეკლესია.XIX საუკუნის სამოციან
წლებში დამთავრდა კავკასიის გმირული ბრძოლების ეპოპეა და დამყარდა მონარქული რუსეთის
ბიუროკრატიული რეჟიმი .XIX საუკუნის 80-იან წლებში დაიწყო ხევსურების სხვა რეგიონებში
გადასახლება. XX საუკუნის 50-იან წლებში ხევსურეთის მოსახლეობის ნაწილის ბარად ჩამოსახლებას
ნეგატიური სოციალური და ეკონომიკური შედეგი მოჰყვა. მიწების ასათვისებლად და მთიანი
რაიონების მოსახლეობის დასასაქმებლად საბჭოთა მთავრობის მიერ ე.წ. `გეგმური“ გადასახლებები
განხორციელდა. ამან გამოიწვია დასახლებების მოშლა, მრავალი სოფელი ნასახლარად იქცა,
მოიშალა უნიკალური კუთხური ხალხური სამეურნეო და საყოფაცხოვ- რებო ადათ-წესები და ჩვეულებები.
ეს სიტუაცია დღემდე არ შეწყვეტილა. XXI საუკუნისთვის ფშავ-ხევსურეთში რამდენიმე ასეული
მუდმივი მცხოვრები დარჩა. ხევსურეთში შემორჩენილია შუა საუკუნეების მატერიალური კულტურის
ძეგლები: ხახმატის ციხე, ახიელის ციხე, ლებაისკარის ციხე, მუცოს ციხე, შატილის ციხე-სოფელი,
გუდანის ჯვარი, ანატორის ჯვარი, აკლდამები და სხვა.
ფშავ-ხევსურეთი დღეს ადმინისტრაციულად დუშეთის
რაიონში შედის.
https://experiencecaucasus.com/ka/fsav-xevsuretis-istoria/
Комментариев нет:
Отправить комментарий