ზოგადი აღწერილობა მთიელთა იარაღისა
შემტევი (თავდასხმითი) იარაღი:
ა) თეთრი იარაღი (ქარქაშით სატარებელი)
ბ) ხის იარაღები
გ)დასარტყამი იარაღი-საბრძოლო ბეჭდები (კასტეტი)
საფარი (დამცავი) იარაღი:
ა) აქტიური თავდაცვის (ფარი)
ბ)პასიური
თავდაცვის (ჯაჭვის პერანგი, ჩაჩქანი, ხელის დამცავი ნავები, საბარკულები და
საჩერანები)
თეთრი იარაღი: ხმალი, დაშნა, ხმალჯოხი, წელის დანა-ურსა. ხმალი მთაში იყო როგორც
შემოტანილი იარაღი ცნობილი იტალიელი ოსტატების (XIV-XVII) ანდრეა და პისროსი
ფერარიდან, დავით ფერული და სხვა. ასევე ირანიდან, ჩრდილო კავკასიიდან, თურქეთიდან
და აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებიდან. ამას გარდა ხევსურები ხმარობდნენ ქართული
წარმოების ხმლებსაც. ხევსურები უფრო სწორ, ბრტყელ ხმლებს ანიჭებდნენ უპირატესობას.
როგორც წესი ხევსურულ ფარიკაობაში შერჭობას არ ანიჭებდნენ უპირატესობას, ამიტომ
ხმლის წვერი მომგვალებული იყო, ამავდროულად საშარი (მჭრელი პირის უკანა მხარე)
საერთოდ არ იყო გალესილი. ხევსურული ხმლის ტარად გამოიყენებოდა ირანული „ვადანი“,
ხშირად გვხვდება უჯვარო ტარები, ასევე გვხვდება შიბიანი ხევსურული ხმლები, რომელიც
ან მეტალის იყო, ან ჯაჭვისებური. ტარები იყო ხის, ან რქის ხშირად ტყავგადაკრული,
მოვარაყებული სპილენძით ან ვერცხლით. ხევსურული ხმალი შედგება შემდეგი
ნაწილებისაგან: ა)ვადანი ბ)ხეტარი გ) ვაშლი დ)
ფხა ე) ყუა ვ)საშარი ზ)წვერი
ქარქაში ძირითადად ადგილობრივი წარმოების ქონდათ, ხის ტყავგადაკრული, მოვარაყებული
სპილენძით და ვერცხლით. ქარქაში შედგება: ბუნი, სალტეები, საწვეტი, სანეჯურის
სალტეები, სანეჯური, ყაწიმი, სამხარიღლიო-რომელსაც ღვედიდან ამზადებდნენ და
აფორმებდნენ სპილენძით ან ვერცხლით. ადრე ხევსურებს სამაჯურზე მიმაგრებული ქონდათ
150სმ. სიგრძის და 10სმ სიგანის ხელსახოცი, რომელსაც „იარაღზე საბმელ ხელსახოცს“
ეძახდნენ, რომელიც წითელი ფერის იყო. ეს ხელსახოცი იკვანძებოდა და მას ჭრილობის
შესახვევად იყენებდნენ, ქეიფის დროს კი შუბლს იკრავდნენ, რათა დათრობიდან
გამოწვეული თავის ტკივილები შეეკავებინათ. დაშნას ატარებდნენ გვერდზე დაკიდებულს
ერთი ღვედის საბმელით, ისე რომ ხანჯლისგან განსხვავებით მკაცრად ჰორიზონტალურად
ეკიდათ. დაშნა ესაა მსუბუქი იარაღი და მისი ტარებისას არც ხმალი ეკიდათ და
არც ხანჯალი. ასევე გამოიყენებოდა საიდუმლო იარაღი ხმალ-დაშნა, რომელსაც მალავდნენ
სახელოში, ისევე როგორც უბის ფარს მკერდში. ამ იარაღებს არასოდეს არ იცილებდნენ,
დანარჩენ იარაღს კი სტუმრად მისულები მასპინძელს აბარებდნენ.
ხმალ-ჯოხი ესაა კომბინირებული იარაღი-ტროსტი დამალული ხმლით, რომელსაც ხანში
შესული ხევსურები ატარებდნენ. მას ხმარობდნენ საყრდენად, აუცილებლობის შემთხვევაში
კი თავდაცვის იარაღად გამოიყენებოდა. ხმალ-ჯოხი სიგრძით 1,5მ იყო. ჯოხის ქვედა
წვერი მეტალის იყო და კონუსისებური ფორმა ქონდა. ხმლის პირი ჩვეულებრივზე ვიწრო
იყო, რათა ჯოხში ჩასულიყო. მის გასაკეთებლად იყენებდნენ გადამტვრეულ ხმლის პირებს.
ტარის სიგრძე 20-25სმ იყო. სხვადასხვა ფორმის, ხშირად კაუჭივით მოხრილი.
ხანჯალი საშუალო ზომისაა, მსგავსია კავკასიაში გავრცელებული ხანჯლის
ტიპებისა. ურსა-მოკლე, მჭრელი, შემრჭობი დანა, როლის პირი 30სმ-ის, ხოლო სიგანე
5სმ-ია, ტარი რქის ან ხის და აქვს ცალი ფხა. მას ატარებდნენ ქამარზე ტყავის
ჩასადებით 50 წელს გადაცილებული მამაკაცები, გამოიყენებოდა თავდაცვისათვის.
დასარტყამი იარაღი (საბრძოლო სათითენი) მზადდებოდა
რკინისაგან, ძველი ნალებისაგან ან თითბერისაგან. იგი გამოიყენებოდა სახესა და
თავში საცემად. საბრძოლო ბეჭედი იყო სხვადასხვა ვარიანტის, მისაყენებელი ჭრილობის
სიღრმიდან გამომდინარე ( იხ. სურათი). საბრძოლო ბეჭდებს ფშავ-ხევსურები ატარებდნენ
სპეციალური ჯიბით, რომელიც შიგნით ჩასაცმელ პერანგს ქონდა გულთან, ან
მარჯვენა გვერდზე ტყაპუჭის ჯიბეში. მძიმე ბეჭდებს „ხაჯიას“ მსგავსს ატარებდნენ
ქამარზე დაკიდებულს მარჯვენა მხარეს. საბრძოლო ბეჭდებს იკეთებდნენ ძირითადად
მარჯვენა ხელის ცერა თითზე, ასევე ქონდათ დამხმარე ბეჭედი-„საჩიკე“. იგი გამოიყენებოდა
შემთხვევითი ჩხუბისას, ქეიფის დროს, როცა იარაღი ჩაბარებული ქონდათ ოჯახის
პატრონზე. 10-12 წლის ბავშვები შატილში ატარებდნენ „ნესტარს“-მავთულით
გაკეთებულ საბრძოლო ბეჭედს.
აქტიური თავდაცვის იარაღი-ფარი მცირე ზომისაა. ამის
მიზეზი ისაა, რომ ხევსურს იარაღი სულ თან უნდა ეტარებინა, მათ შორის ფარიც. ფარით
ძირითადად თავს იცავდა დაშნისა და ხმლის დაკვრისაგან.მიუხედავად იმისა რომ ფარი
მცირე ზომისაა, ხევსურული ფარიკაობის ტექნიკიდან გამომდინარე, საუკეთესოდ
ასრულებდა თავის ფუნქციას. ასევე მთაში გადაადგილება არ იძლეოდა დიდი ფარების
ტარების საშუალებას. მსგავსი პატარა ფარები ქონდათ რაჭველებს, სვანებს, ოსებს,
რომელიც არ განსხვავდებოდა ხევსურულისაგან. ჯერ კიდევ პირველი ათასწლეულის მეორე
ნახევარში ჰეროდოტე წერდა რომ „მოსხებს თავზე ხის ქუდები ეხურათ, ხოლო იარაღად
მცირე ზომის ფარები და შუბები. მაკრონები და მოსინიკები ბრძოლაში მოსხების
მსგავსად შეიარაღებული მიდიოდნენ“. ასევე შემორჩენილია ურარტუელების და
ასირიელების შეტაკების ამსახველი (ძ.წ. მე-9ს) ბრინჯაოთი მოპირკეთებული
ბალავატის კარები, სადაც ურარტუელებს მცირე ზომის ფარები უკავიათ, რომელსაც შუა
ნაწილი, როგორც ხევსურებისას წინ გამოწეული აქვთ. მცირე აზიის ტომებს საერთოდ
მცირე ზომის ფარები ქონდათ. ხევსურული ფარი მრგვალია, მზადდებოდა ადგილობრივი
ოსტატების მიერ ფურცლოვანი რკინისაგან. ნაკეთობის მიხედვით ფარები დაუმთავრებელი
სახისაა, მათზე არაა არანაირი წარწერა, დევიზი, ოქროს ან ვერცხლის გრავირება და
ა.შ. (შუა საუკუნეების ევროპული და აღმოსავლური ფარებისათვის
დამახასიათებელი. მხოლოდ ზოგიერთზე შეგვხვდება ჯვრები, ან სწორი კუთხეები).
ფარის ფუძეს ძველად წარმოადგენდა ხარის ტყავი, ან მოგვიანებით მეტალფურცლოვანი
რკინა, ან სპილენძი. ფარი შედგება: ა) ფუძისაგან რომელიც გარეთ და შიგნითაა
მიმართული. გარეთა და შიგნითა მხარეს 4 ჯვრისებური სახიდავებით. ბ) „ხიდები“
-ფურცვლოვანი რკინისაა, რომელიც სიმაგრისთვის გამოიყნებოდა. გ) „გუმბათი“.
რომბის სწორკუთხედის ფორმის. გუმბათზე არსებულ ჩაღრმავება-ამოღრმავებას ხევსურები
„გუმბათის ტოტებს“ უწოდებენ. მათი აზრით გუმბათი ახდენდა ამორტიზირებას და კარგად
იცავდა მაჯას დარტყმისაგან. გუმბათის ცენტრში მოთავსებულია დ)„გუმბათის ვაშლი“,
რომელსაც შუაში 4 კბილი აქვს. ფარის უკანა მხარეს კი ბალიშია, 4 გადაჯვარედინებული
ღვედი, ხელის მოსაკიდებლად, რომელსაც საბღუჯი ქვია. ფარისზედა მხარეს 2 ბეჭედი
აქვს ფარის სატარებლად. უბის ფარი თავდასხმისთვის გამოიყენებოდა, რომელსაც
გამოწეული კბილებიანი გვერდები ქონდა, რომელიც საცემად გამოიყენებოდა. პასიური
საფარი იარაღი-ჩაჩქანი ფარავდა თავს, კისერს და მთელ სახეს.
ჯაჭის პერანგი შეკერილი იყო პატარა ბეჭდებით,
რომელსაც მიმაგრებული ქონდა ხელის ნავები. ხევსურებს ქონდათ ასევე ბეგთარი,
რომელიც მეტალის ფილებისაგან შედგებოდა და გვერდებზე იკვრებოდა. ბეგთარი
გამოიყენებოდა მშვილდის და ცეცხლსასროლი იარაღისაგან თავდასაცავათ.
სამკლავენი-იცავდა ხელებს, მეტალის (ფოლადის ან
რკინის) ფილები, მაგრდებოდა ხელის იდაყვიდან მაჯამდე. (ატარებდნენ ორივე ხელზე ან
მარცხენაზე ფარის არ ქონის გამო).
ჯაჭვის საბუხრები-მაჯის დამცავი ხელთათმანი.
მარჯვენა და მარცხენა ხელი განსხვავდებოდა ერთმანეთისაგან. ვინაიდან ფარი ეკავათ
ჯაჭვის პერანგი მარცხენა ხელის თითებს არ იცავდა.
საჩერნი - მუხლს ზემოთ თეძოს წინა ნაწილს და მუხლს
ქვემოთ წვივს იცავდა.ფეხზე მაგრდებოდა სპეციალური ღვედით.
გირგოლიანი ქუდი - ეს იყო დაბალი ფაფახი ცხვრის
მატყლით გაკეთებული. ცხვრის მატყლი ისედაც ამცირებს დარტყმის ძალას, თუმცა მას
კიდევ ქონდა მეტი დაცვისათვის „ქუდის გირგოლი“-სპეციალური ბეჭდის ფორმის
დაგორგლილი ან მერცხლის კუდის ფორმის მავთულები რკინის ან ბრინჯაოსი (3-4მმ სისქის
და 20-25სმ სიგრძის). მეტალის გარდა იყენებდნენ ხესაც. რბილი ხისაგან აკეთებდნენ 1
სმ სისქისა და სიგრძის გირგოლს, რომელიც ხმლისაგან იცავდა თავს.
Комментариев нет:
Отправить комментарий