ფარიკაობის ტექნიკა

ხევსურული ფარიკაობის ტექნიკა

არსებობს ისტორიული გადმოცემა, რომ პომპეუსი ისე მოიხიბლა ხევსურების ფარიკაობით, თხოვა კიდევ ერთხელ ეჩვენებინათ ეს ხელოვნება და ძვირფასი საჩუქრებით დააჯილდოვა. ხევსურული ფარიკაობა განსხვავდება კლასიკური ფარიკაობისაგან,  მარცხენა ხელში უჭირავს ფარი, მარჯვენაში კი ხმალი. ხმალი უჭირავთ ტარით მტევნით ჩაბღუჯილი, ბრძოლისას ფხით წინ და ფარიკაობისას ბრტყლიურად. ხევსურული ფარიკაობისათვის დამახასიათებელია მჭრელი და მჩეხავი დარტყმები. ხმალი რომ არ გაუვარდეს ხელიდან  ამ ტექნიკისთვის საუკეთესოა მთელი ხელით დაკავება, თუმცა ეს ფორმა გამოუყენებელია შესარჭობად, რომელსაც ხევსურები არ იყენებდნენ. მათ ისე ქონდათ მაჯა ნავარჯიშები, რომ კეჭნაობაში ზუსტ, მცირე ჭრილობებს აყენებდნენ განსაზღვრულ ადგილებში. ფარი ორნაირად უკავიათ; ხელის საბღუჯი უჭირავთ ღრმად, თითების ფუძესთან მარცხენა ხელის მთელი თითებით და ოთხი თითის მეორე ფალანგით (ცერა თითი რბილობით მიყრდნობილია პირველ ფალანგებზე, ბალიშში ფარის ფუძესთან), გვხვდება ვარიანტები სამი თითით დაჭერისაც. ხმალაობისას დამახასიათებელია ხმლისა და ფარის ერთმანეთთან მიახლოება.  ხევსური ანფასით დგას, ფეხები მხრების სიგანეზე, მუხლი სახსარში მოხრილი. წონასწორობა თანაბრადაა განაწილებული ორივე ფეხეზე, ტერფები ან პარალელურია, ან მარცხენა ფეხი ოდნავ წინაა. სიმაღლეში დაზიანების ზონას ამცირებს ჩაჯდომით, კორპუსი დახრილია ოდნავ წინ, კლასიკურიდან განსხვავებით, რაც გამორიცხავს მკერდის და მუცლის არის დაზიანებას. ხელები იდაყვში ოდნავ მოხრილია. ჩაჯდომასთან ერთად ორივე ხელი გადის წინ და ხმლიანი ხელი ფარს უკანაა. არსებობს დგომის 9 ვარიანტი სიტუაციისდა მიხედვით. ბრძოლის დროს ხევსური მოძრაობს მოკლე წახტომებით მარჯვნივ, მარცხნივ, რომლითაც ხდება მოწინააღმდეგეზე ფლანგებიდან შეტევა. წინ ვარდნა ხევსურებს არა აქვთ (აქ შეიძლება დავინახოთ მე-17 საუკუნის კლასიკური ფარიკაობის ანალოგია), უკან ნაბიჯი სირცხვილია და არ სწავლობენ, თუმცა ბრძოლისას პრაქტიკაში გამოიყენებოდა ერთი ან ორი ნაბიჯი უკან, როცა მოწინააღმდეგესთან ძალიან მჭიდროდ იყვნენ კლასიკური „კორ-ა-კორის“ მსგავსად, რათა ხელის თავისუფალი მოქნევის საშუალება მიეღოთ. ფარიკაობაში და ჭრა - ჭრილობაში მათ გამოიმუშავეს მაჯის დაფერთხვით ხმლის და ფარის ერთდროულად მოძრაობით. ბრძოლის ასეთი მანერა (მაჯის დაფერთხვა) დამახასიათებელია ესპადრონებზე ფრანგული სკოლისათვის. როგორც თანამედროვე კლასიკურ ხმალაობაში ხმლის ხმლით მოგერიება არ ხდება, არამედ ფარით, რომელიც ვერტიკალურად უკავიათ თავდაცვისას. მოგერიების და რიპორტის (კონტრშეტევა) შესრულების შემდეგ ხელები სწრაფად ბრუნდება საწყის მდგომარეობაში. ხშირად ფართან ერთად უკავიათ ჯოხი (1მ. სიგრძისა და 3-3,5სმ. სისქის)  ვერტიკალურად ხმლის პარალელურად. ჯოხის მაგივრად იყენებენ დანასაც. ფარით მოგერიების 7 ვარიანტი არსებობს. ხშირად როცა ფარი არა აქვთ იყენებენ გირგოლიან ქუდს. (ფაფახის მოლე ვარიანტი, ცხვრის ტყავიდან გაკეთებული, რომელსაც აქვს ლითონის ხვეულა მავთულები-გირგოლები, რომელიც დარტყმას იგერიებს), ასევე ჩაჩქანს და სამკლავეს. ყველაზე მაგარი მეომრები ფარის გარეშე მოქმედებენ, მხოლოდ სამკლავეს იყენებენ. კეჭნაობაში მაგარია ის, ვინც მიაყენა ჭრილობა და მერე სულ თავს იცავს. ამ დროს სეკუნდანტები არ არსებობს, თუკი ვინმე შეესწროთ მან უნდა შეაჩეროს ჩხუბი, არ ჩარევა სამარცხვინოა. ჩხუბი წყდება ასევე თუკი ახლოს მანდილოსანია, რომელიც საკმარისია ჩადგეს შუაში და ხელით შეეხოს ერთს, ან ჩააგდოს მანდილი. ბრძოლის მანერა აგრესიულია, ყველა ცდილობს პირველმა შეუტიოს. მთელი ბრძოლა ძირითადად მოკლე მანძილზე 2-5 მ-ზე მიმდინარეობს. ისინი შეუჩერებლივ იცვლიან პოზებს. ბრძოლა ხმოვანდება შეძახილებით, რომელიც ხშირად დაცინვაში გადაიზრდება. გამოცდილი მეომრები ძალზე ეკონომიურად აწარმოებენ ბრძოლას, განსაკუთრებით ფეხებით. ბევრი თავმოყვარეობის გამო ერთ ადგილზე დგას. გამოიყენება მოტყუებითი ფინთები- დაღალატება. ყოველ დარტყმას არ პასუხობს ხევსური, სანამ არ დარწმუნდება, რომ საპასუხო მომენტი დადგა, მანამ არ შეუტევს. ხევსურების ბრძოლა გავს მე-16 საუკუნის გრძელტარიანი (ორი ხელით დასაჭერი) ხმლის ტექნიკას.


Комментариев нет:

Отправить комментарий